სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, კახეთის სასტუმროებისთვის 2025 წლის შედეგები, დიდწილად, ნეგატიურია.
როგორც სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, რეგიონში სასტუმროების დროებით დახურვის პროცესი დაიწყო, ვინაიდან გაზრდილ ხარჯებს სასტუმროების დატვირთულობა ვერ ემსახურება.
შალვა ალავერდაშვილმა „წერტილში“ კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. მაგალითად, აპრილამდე დაიხურა თელავში ერთადერთი ბრენდული სასტუმრო “Holiday Inn თელავი” და სხვა სასტუმროებიც ხარჯების დაზოგვის მიზნით, მუშაობას დროებით, აჩერებენ.
„რამდენიმე სასტუმრო დაკეტვის პირას არის… ცდილობენ, 3-4 თვე დახურონ, რომ ძალიან მაღალ ხარჯებს გადაურჩნენ. რთულია, როცა სასტუმროს ხურავ, პერსონალს უშვებ და მერე ყველაფერი თავიდან გაქვს დასაწყები. კახეთი ერთადერთი რეგიონია, რომელიც მინუსზე გავიდა,“ – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
რატომ აღმოჩნდნენ კახეთის სასტუმროები გამოწვევის წინაშე? – ჟურნალისტის ამ კითხვის პასუხად გამოცდილმა ჰოტელიერმა სამი მთავარი მიზეზი დაასახელა:
- ჭარბი მიწოდება: „კახეთში იმდენი სასტუმრო გაიხსნა, რომ მათ შესავსებად ტურისტების ფიზიკური რაოდენობა საკმარისი აღარ არის“.
- რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა და ტურისტების შეცვლილი გეოგრაფია: „უკრაინის ომის გამო, პოსტსაბჭოთა სივრციდან ვიზიტორების ნაკადი შემცირდა. ისინი, ვინც ჩამოდიან, კახეთში აღარ რჩებიან და მხოლოდ ერთდღიან ტურებს ირჩევენ“.
- „შაბათ-კვირის კურორტი“: „შედეგად, კახეთის რეგიონი, ძირითადად, ქართველი მომხმარებლის იმედად დარჩა, რომლებიც სასტუმროებს მხოლოდ პარასკევს და შაბათს ავსებენ“.
სად არის გამოსავალი და რა სახის მხარდაჭერა სჭირდება ბიზნესს მთავრობისგან? – შალვა ალავერდაშვილი აკრიტიკებს მთავრობის მიდგომას, რომელიც ზოგადი სტატისტიკით იწონებს თავს და კონკრეტული რეგიონის პრობლემას ვერ ხედავს.
„ადამიანი როცა უმუშევარი დარჩა და ჩვენ ვეუბნებით, რომ დატვირთვა გაზრდილია ზოგადად ქვეყანაში და შენც ბედნიერი იყავი… ვერ იქნება ეს ადამიანი ბედნიერი. ვერანაირად ვერ იქნება თელავი იმით ბედნიერი, რომ გუდაურის დატვირთვა იზრდება, ხოლო თელავის კლებულობს და სასტუმროები იხურება“, – ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ მთავრობა უნდა დაჯდეს კახეთის სასტუმროების მფლობელებთან და განიხილოს, რატომ იხურება ბიზნესები თელავში.
„საჭიროა, შემუშავდეს გეგმა, თუ რით უნდა გადარჩეს რეგიონი იმ თვეებში, როცა ტურისტული აქტივობა დაბალია“, – აღნიშნა მან.
შალვა ალავერდაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიჩინონ ინტერესი კახეთის რეგიონში არსებული სასტუმროების პრობლემების მიმართ:
„მინიმუმ იმაზე არის საჭირო ლაპარაკი, სად გვაქვს პრობლემა და რა უნდა გავაკეთოთ. რას ვაკეთებთ, მაგალითად, ახლა, როცა არასეზონი გვაქვს თბილისში, როცა არასეზონი გვაქვს კახეთში… ერთად უნდა დავსხდეთ და ვიფიქროთ კონკრეტული რეგიონებისთვის რა გავაკეთოთ, რომ არასეზონი „გადავიაროთ“… დღეს, მაგალითად, ვიყავი თელავში, ვესაუბრე თელავის სასტუმროების წარმომადგენლებს და ასეთი აზრი დაიბადა, რომ მოდით, მივიდეთ და ვუთხრათ, გამოიხედონ თელავისკენ. არ გაინტერესებთ, რატომ დაიკეტა ერთადერთი ბრენდული სასტუმრო თელავში?!
სასტუმროების მეპატრონეებთან გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა, ვსაუბრობთ და ჩვენ თვითონ ვცდილობთ, რომ რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, თუმცა კარგი იქნებოდა ცალკე შეხვედრა კახეთის სასტუმროებთან – [ჩამოვიდნენ ეკონომიკის სამინისტროს/ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები] და ვიმსჯელოთ, სად გვიჭირს, რატომ გვაქვს პრობლემა და რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არსებობს პლატფორმა, სადაც ბიზნესს შეუძლია მთავრობას სხვადასხვა გამოწვევის და პრობლემის შესახებ ესაუბროს.




