მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე კახეთში, სოფელ რუისპირში, პრემიუმ კლასის სასტუმრო „ვილა გოდოლის“ მშენებლობა დასრულდება. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი მოწყობისთვის მთლიანობაში დაახლოებით 18 მლნ ლარის ინვესტიციაა განსაზღვრული.
სასტუმროს გახსნა 2022 წელს იყო დაანონსებული, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.
კომპანიის ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, კომპლექსი ვილებსაც მოიცავს. ჯამში 40 მილიონიანი ინვესტიციით, ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მეტრზე განთავსებული კომპლექსი ერთ 56-ნომრიან სასტუმროსა და 30 სხვადასხვა ზომის, ორ, სამ და ოთხ საძინებლიან ვილებს გააერთიანებს.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ „ვილა გოდოლი“ კახეთში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო გახდება, რომელიც მაღალი სეგმენტის მომხმარებლებზე იმუშავებს.
ცნობისთვის, კომპანია პროექტს პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს. „ვილა გოდოლმა“ სახელმწიფოსგან 7.5 ჰა მიწის ფართი 2019 წელს შეიძინა და სასტუმროს მშენებლობაც 2019 წლის ბოლოს დაიწყო.