“კახეთს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ყველაზე მეტი პრობლემა აქვს” – ენერგოომბუდსმენი

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო, რაც მარეგულირებელი კომისიის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას გულისხმობს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება – საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი საუბრობს.
“ტექნიკური ინსპექტირების დაწყების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ქსელის განვითარების თვალსაზრისით და, ჩვენი შეფასებით, ძალიან დროულიც იყო. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მიწოდების თვალსაზრისით კომერციული ხარისხი არსებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს”, – ამბობს გულეიშვილი და აღნიშნავს, რომ პრობლემა მწვავეა როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის.
ენერგოომბუდსმენის თქმით, ინსპექტირებამ ამორტიზებული ქსელის პრობლემა გამოავლინა, რომელიც სრულ განახლებას საჭიროებს და საკითხი განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას.
“ამორტიზებული ქსელი ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სტანდარტს და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს ეხება ძირითადად მოძველებულ ინფრასტრუქტურას. პრობლემა რეგიონებში უფრო გვაქვს ხოლმე, თუმცა, ბოლო პერიოდში, ცალკეული რეგიონებისა და უბნების განვითარება გამოიწვია, რომ იქ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც, პირობითად, 50-60 აბონენტზე იყო გათვლილი, სხვადასხვა კერძო ობიექტების დართვის შემდეგ მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს, რაც ძაბვის ცვალებადობას იწვევს”, – ამბობს ნინო გულეიშვილი.
მაღალი მიმართვიანობით დგინდება, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ძაბვის ცვალებადობის კუთხით კახეთის რეგიონშია, სადაც, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ქსელების გაუმჯობესების საჭიროებაც დადგა.
“კახეთს ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების, ასევე კომერციული ხარისხის თვალსაზრისით ყველაზე მეტი პრობლემა აქვს. იქ “ენერგო პრო ჯორჯია” შედარებით გვიან შევიდა, მანამდე კი “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” საქმიანობდა, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაკოტრების რეჟიმში იყო და ქსელის განვითარების ან გაუმჯობესების კუთხით ინვესტიციას არ ახორციელებდა.
“ენერგო პრო ჯორჯიას” კახეთში საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. ამას დაემატა ისიც, რომ რეგიონში სტუმარმასპინძლობის სექტორი სწრაფად ვითარდება და ოთხივე სეზონზე აქტიურად მუშაობს. ამიტომ ტექნიკური ინსპექტირების დაწყება ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ კომპანიებმა დროული რეაგირება მოახდინონ ამორტიზებული ქსელების შეკეთებისა და მათი განვითარებისთვის”, – ამბობს ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი.