„კახეთის რეგიონში მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტების დიდი რაოდენობა არ არის“ – სასტუმრო „აგარანი“

56 ნომრიანი სასტუმრო რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად ცნობადობის გაზრდაა საჭირო. რა თქმა უნდა, სტუმრები გვყავს. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივები არიან, – ამის შესახებ პროექტის თანამფლობელმა და კომპანია “აგარანის მამულის” ხელმძღვანელმა გიორგი ქოჩლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
“ჩვენი კონცეფცია იყო – მაღალგადამხდელუნარიანი საქართველოს მოქალაქესა და უცხოელზე გათვლილი პროდუქტის შექმნა, თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით კახეთის რეგიონში მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტების დიდი რაოდენობა არ არის. ამ ეტაპზე, უცხოელი ტურისტები ევროპის ქვეყნებიდან არიან, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობა. სასურველია, რომ უცხოელი ტურისტების რიცხვი გაიზარდოს. ჩვენ მარკეტინგულ კამპანიას რამდენიმე სხვადასხვა არხით ვახორციელებთ და ვფიქრობთ, რომ დაინტერესება მზარდი იქნება.
წინასწარი ჯავშნები შემოგვდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ქორწილებსა და სხვადასხვა ღონისძიებას – დაინტერესება და მოთხოვნა ამ მიმართულებითაც არის”, – აცხადებს გიორგი ქოჩლაძე.
“აგარანის მამულის” პროექტი სასტუმროსთან ერთად, ვილებსაც მოიცავს, თუმცა აღნიშნულის მშენებლობა ჯერჯერობით არ დაწყებულა.
“კახეთი ტრადიციული დეველოპმენტის ადგილი არ არის. ჩვენ ვილების მომხმარებლებს ვთავაზობთ 2,3 და 4 – საძინებლიან პროექტებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ ვიცით რომელი უფრო მეტად უნდა მომხმარებლებს, ამიტომ ჯერ აშენებისგან თავს ვიკავებთ და ვაკვირდებით, უფრო მეტი მოთხოვნა რაზეა. შესაბამისად, ჩვენ გაყიდვების მიმართულებით ფრთხილად დავიწყეთ მუშაობა და როცა გარკვეულ რაოდენობას გავყიდით შემდეგ ავაშენებთ”, – აცხადებს გიორგი ქოჩლაძე.
ცნობისთვის, “აგარანის მამულმა” სახელმწიფოსგან 7.5 ჰა მიწის ფართი 2019 წელს შეიძინა და სასტუმროს მშენებლობაც 2019 წლის ბოლოს დაიწყო. პროექტში დაახლოებით, 45 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქედან, 17 მილიონი ლარი სასტუმროს მშენებლობის ღირებულება იყო.