კახეთის მაგისტრალური 4 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა – ირაკლი ქარსელაძე

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება. პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.
35 კმ-იანი მაგისტრალური გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონოდათ დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. შედეგად, ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზა სწორედ ქართულმა კომპანიამ ააშენა.
თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალური გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.
კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, გრძელდება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა, გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია და ომალოს გზის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი.