კახეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწებს გამოისყიდიან – სავარაუდო ღირებულება 20 მლნ ლარია

კახეთის მაგისტრალის ბადიაური-ჩალაუბნის (ლოტი 4) 22.6 კმ-იანი გზის მშენებლობის არეალში დაგეგმილია მიწების გამოსყიდვა, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.
უწყების ცნობით, ადგილზე გამოსყიდვას ექვემდებარება დაახლოებით 584 მიწის ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ მოსყიდვისთვის გამოყოფილია 20 მლნ ლარი.
„დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს თბილისი – საგარეჯო და საგარეჯო – ბაკურციხის საავტომობილო გზის მონაკვეთის (ბადიაურიდან ჩალაუბნის აღმოსავლეთ ნაწილამდე (ლოტი 4)) გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული განსახლების პროცედურების განხორციელება, რომლის ფარგლებში გამოსყიდვას ექვემდებარება დაახლოებით 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) მიწის ნაკვეთი, სავარაუდო ღირებულებით 20 მილიონი ლარი“, – განმარტეს დეპარტამენტში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბადიაური-ჩალაუბნის მონაკვეთის მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები 2026 წელს დაიწყება.