კახა ჯაფარიძე: ნახეთ ეს უმძიმესი კადრი, ბიჭი, რომელიც მშვიდობიანად, ელაპარაკება სპეცრაზმელს… ურცხვად, შეითრევენ ამ რობოკოპების შავ ფორმიანების ბრბოში. იქიდან კი, გამოდის დასახიჩრებული (ვიდეო)

აქციის მონაწილე კახა ჯაფარიძე:
დღეს მერაბ დვალიშვილმა ბრძოლა წააგო რუს პიოტრ იანთან.
ცხადია, ძალიან საწყენია. ამ სპორტს 2015-2016 წლებიდან, ლევან მაყაშვილის დებიუტიდან მოყოლებული ვუყურებ, რომელიც პირველი ქართველი იყო UFC-ში. მას შემდეგ ქართველები მომრავლდა ორგანიზაციაში საკმაოდ წარმატებით და თითოეული ოქტაგონზე რომ გადის, უკიდურესი ნერვიულობა და ადრენალინი მქონდა ხოლმე.
მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიარო, შარშანდელი მოვლენების შემდეგ, ეს სპორტული გულშემატკივრობა, ჟინი, ბრაზი სადღაც გაქრა იმ საშინელი რეალობის ფონზე, რაც ჩვენს ქუჩებში ხდება.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რაზე ვსაუბრობ, ნახეთ ეს უმძიმესი კადრი, ბიჭი, რომელიც მშვიდობიანად, ელაპარაკება სპეცრაზმელს, ადამიანური ენით ცდილობს კონტაქტს…ამ დროს, ურცხვად, შეითრევენ ამ რობოკოპების შავ ფორმიანების ბრბოში. იქიდან კი, გამოდის დასახიჩრებული, რასაც ხედავთ, ვიდეოში.
ამ რეალობის გააზრების შემდეგ, როდესაც ვხედავ, რომ ქართველ ახალგაზრდებს რუსული მეთოდებით, რუსის ხელით (თუნდაც ქართული გვარი ჰქონდეთ) და რაც მთავარია, რუსული ინტერესის გამო სცემენ, სპორტული არენა ფერმკრთალდება, მითუმეტეს სცემენ არა სპორტული შეჯიბრის გამო, არამედ პატრიოტიზმის, ქვეყნის და თავისუფლების სიყვარულის გამო.
ამიტომაც, ჩემთვის ნებისმიერი სპორტი, სადაც ქართველი მონაწილეობს, გახდა ნაკლებად ემოციური. იმ დიდი ტკივილის ფონზე, რაც ქვეყანაშია, სპორტული გამარჯვება ვეღარ მიჩენს იმ მთავარ გრძნობას, რასაც გამარჯვების იდეა უნდა ემსახურებოდეს, ეროვნულ ერთიანობას, უპირობო სიხარულს და სიძლიერეს.
რუსები უკვე 1 წელზე მეტია ისედაც სცემენ ქართველებს, ოღონდ არა სპორტის, არამედ დამოუკიდებლობის იდეის გამო.