კახა წიქარიშვილი – დღეს სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემა არის კლანი, რომელიც არის მაფიოზური ჯგუფი

დღეს სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემა არის კლანი, რომელიც არის მაფიოზური ჯგუფი. საერთაშორისო ლიტერატურაშიც ასე მოიხსენიება ასეთი ჯგუფები სასამართლო სისტემაში, რომელიც ემსახურება თავის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სასამართლო სისტემაში ეს ჯგუფი ემსახურებოდა წინა ხელისუფლებას და ახლა ემსახურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა კახა წიქარიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე განაცხადა.
მან სასამართლო სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ სისტემაში პრობლემაა ეფექტურობა და ის, რომ სისტემა ჩაკეტილია.
„სასამართლოში პრობლემა არის ეფექტურობა, პრობლემა არის ვადები, სასამართლო სისტემა არ არის სერვისზე ორიენტირებული ორგანიზმი, სასამართლო სისტემა არის ჩაკეტილი და მთავარი, ღირებულებები არის უკუღმა ანუ მოსამართლეები, რომლებიც არიან უფრო დამოუკიდებლები, ან საერთოდ განიდევნებიან სისტემიდან, ან არიან ყველაზე დაბალ საფეხურზე და რომლებიც არიან მორჩილები კლანის მიმართ ან პოლიტიკური ფენის მიმართ, ხდება ამ მოსამართლეების დაწინაურება უმაღლეს ეშელონებამდე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში. ანუ, პრაქტიკულად, უკუღმა არის აწყობილი მთელი სასამართლო სისტემა. ღირებულებები როგორც უნდა იყოს, ამ ღირებულებების საწინააღმდეგოდ არის აწყობილი სასამართლოს იერარქია. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც ერთი და ორი გამოსავალი არ ეყოფა, ერთი და ორი წამალი ამისთვის არ არსებობს, ამას ძალიან კომპლექსური მიდგომა სჭირდება“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
ამასთან, როგორც საბჭოს წევრობის კანდიდატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ მუშაობდა კლანიც და სისტემაც 2012 წლამდე, რადგან სწორედ ასე მუშაობს ის დღესაც და იმუშავებს მომავალშიც.
„აუცილებელია გავიაზროთ, რა მემკვიდრეობა მივიღეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობდა ეს სისტემა 2012 წლამდე. ჩვენ ვიცით ჩინჩალაძე რამდენჯერ შედიოდა ადეიშვილთან? ჩვენ არ ვიცით. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ შედიოდა ჩინჩალაძე ადეიშვილთან საქმეების გასარჩევადო – პირდაპირი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ რამდენჯერაც შედიოდა 2012 წლამდე, იმდენჯერ შედის 2012 წლის შემდეგ – თუ მანამდე შედიოდა ადეიშვილთან, ახლა შედის ივანიშვილთან. შესაბამისად, ჩვენ წარსულის გამოკვლევით, გვეცოდინება აწმყო და მომავალი, გვეცოდინება მომავალში რამდენჯერ შევა ჩინჩალაძე ივანიშვილთან საქმეების ჩასაწყობად.
საინტერესოა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა კლანს მოსამართლეებთან 2012 წლამდე – 2 ტიპის ურთიერთობა არსებობდა, იმპერატიული და კონსულტაციური. იმპერატიული ნიშნავდა, რომ ეტყოდნენ პირდაპირ შენ ამას გააკეთებ და კონსულტაციური იყო, რომ შეიძლება ეს საქმე ასე გავაკეთოთ ?! მოსამართლესთან გადიოდნენ ამას და თუ მოსამართლე თანახმა იყო, შემდეგ ეს საქმე აიკინძებოდა ისე, როგორიც იყო პოლიტიკური ან კლანის შეკვეთა ამ საქმეზე. ვინ იყო ამ სისტემის საყრდენი- მნიშვნელოვანი საყრდენი იყვნენ თავმჯდომარეები – კლანმა ჩააბეტონა თავმჯდომარეები 2012 წელს და აი, აქ ჩანს, რა მნიშვნელობა ჰქონდა თავმჯდომარეებს“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ