იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ე.წ. სასამართლო კლანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“, ერთი ვერსიით, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წახალისებით გადავიდა.
როგორც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ 2017 წლამდე დემოკრატიულობანას თამაშობდა, 2017 წლის შემდეგ კი დემოკრატიულობანას თამაშს თავი დაანება.
ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო სისტემას არა რეაბილიტაცია, რესტავრაცია, არამედ დანგრევა და თავიდან აშენება სჭირდება.
„ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად ჰქონდა სისტემის დემონტაჟის სურვილი. სამწუხაროდ, დემონტაჟი არ შედგა. იმიტომ, რომ ვიცით, რაც მოხდა. იუსტიციის საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა ჩინჩალაძის ჯგუფმა. ჩინჩალაძისა და ცერცვაძის ჯგუფმა მოსამართლეებთან გარიგება დადო, თუ ჩვენ დაგვიჭერთ მხარს, არავის გემუქრებათ არც სისხლის სამართლებრივი დევნა, არც დისციპლინური დევნა, არც გადასახლება, არც უხელფასოდ დატოვება, არც ბანკის ვალები, თქვენ გექნებათ კომფორტი. 2012 წლამდე კლანი მოსამართლეებს როგორც ელექტორატს ისე არ უყურებდა, მათთვის იყო სამართავი მასა, ეს იყო ქვეშევრდომების ერთობა. 2012 წლიდან მათ მოსამართლეებს შეხედეს, როგორც ელექტორატს და ამით მოიგეს ეს ყველაფერი. საინტერესოა, როგორ მოხდა კლანის გადაბარგება „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართული ოცნების“ ბანაკში. ეს იყო ხალხი, რომლისთვისაც ზურაბ ადეიშვილი იყო ამომავალი მზე, მიხეილ სააკაშვილი იყო მზეზე დიდი ვარსკვლავი. როგორ მოხდა, რომ ამ ხალხმა ორიენტაცია შეიცვალა და „ქართული ოცნებისკენ გადმოინაცვლა? ერთი ვერსიაა, რომ თავად ზურაბ ადეიშვილის წახალისებით მოხდა ეს ამბავი, ანუ ზურაბ ადეიშვილმა უთხრა, გადახვალთ „ქართულ ოცნებაში“, ემსახურებით „ოცნებას“ დროებით, დავბრუნდებით ხელისუფლებაში და ისევ გავაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას. 2015 წლამდე კლანი და სუს-ი ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობენ, მაგრამ 2015 წლიდან კლანი და სუს-ი ერთად მუშაობენ. ასევე, საინტერესოა, როგორ შეიცვალა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. თუ „ქართული ოცნება“ 2017 წლამდე დემოკრატიულობანას თამაშობდა, იუსტიციის საბჭოში გაიყვანა ნაზი ჯანეზაშვილი და ეს იყო დემოკრატიულობანას თამაში, 2017 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიულობანას თამაშს თავი დაანება. ვიცით, რაც ხდება ახლა იუსტიციის საბჭოში, ხუთივე ვაკანსია დააკომპლექტა „ოცნებამ“.
დღევანდელი სასამართლო სისტემა ისეა დაზიანებული, რომ მისი რეაბილიტაცია, რესტავრაცია შეუძლებელია, ამიტომ უნდა დაინგრეს და თავიდან უნდა აშენდეს. მე ამ დასკვნამდე ვარ მისული.
მიხეილ სააკაშვილის დროს გამოსვლა და ამ თემაზე საუბარი, რომ სასამართლოში არსებობს ჩინჩალაძის კლანი, არაფერს შეცვლიდა, უბრალოდ მე გამომაგდებდნენ USAID-ის პროექტიდან და იმ საქმესაც ვერ გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებდი“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.