რა 55-60%, დღეს „ქართულ ოცნებას“ რეალურად 30%-ის აღებაც კი უჭირთ და ეს პირდაპირ ფურცელზე დადასტურებული აქვთ საკუთარ კვლევებში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „გორბის“ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგები მისთვის „ოცნების“ შიდა ინსტიტუციური წყაროებიდან გამოსული ინფორმაციით გახდა ცნობილი.
„ქართული ოცნება რასაც ახლა აკეთებს, ეს არის ადამიანის კოგნიტიურ სივრცეზე ზემოქმედება, აღქმებზე ზემოქმედება ხელოვნური მანიპულაციით. სამეცნიერო ტერმინით და ცოტა უსაფრთხოების და დაზვერვის სფეროდან რომ გიპასუხოთ, ეს ასე ჟღერს: ის ქმნის ხელოვნურ აღქმებს ადამიანის ცნობიერებაში, რომ თითქოს და „ქართულ ოცნებას“ აქვს 55-60%, რაც აბსურდია. რა 55-60%, დღეს მათ რეალურად 30%-ის აღებაც კი უჭირთ და ეს პირდაპირ ფურცელზე დადასტურებული აქვთ საკუთარ კვლევებში. ჩათვალეთ, რომ ოპერატიულ ინფორმაციას გეუბნებით ჩემი სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის მათი შიდა ინსტიტუციური წყაროებიდან გამოსული ინფორმაციით“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართლი ოცნება“ „ოცნების“ და „ქართულის“ გარდა ყველაფერი დარჩა, რადგან იმ ღირებულებებს უღალატეს, რითაც 2012 წელს მოვიდნენ.
„გახარიას პარტიას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მათ შორის ისინიც, რომლებიც ამ ე.წ. კვლევებში თავს უქნევენ და ამბობენ, რომ 41-ს შემოხაზავენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხალხი არის ჩვენი ამომრჩეველი. რატომ არის ჩვენი ამომრჩეველი იცით? იმიტომ, რომ „ქართლი ოცნება“ ფაქტობრივად „ოცნების“ და „ქართულის“ გარდა ყველაფერი დარჩა იმიტომ, რომ იმას უღალატეს, რითაც მოვიდნენ 2012 წელს და პირდაპირი მნიშვნელობით, ერთი ჩვეულებრივი „ენმ“ გახდნენ. ცხადია, ცოტა ნაკლები ძალადობით იმიტომ, რომ მაგდენი ჭკუა ყოფნით, რომ მთლად ის სიგიჟეები არ აკეთონ, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა განსაკუთრებით ადამიანების ტერორის თვალსაზრისით, მაგრამ არც მანდამდე უკლიათ ბევრი“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა – სტრატეგია აღმაშენებელია“.