„ქართული ოცნება“ დღეს არის კუთხეში მიმწყვდეული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად დადგებიან იმ კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ დღეში რამდენიმე გზავნილს აგზავნის დასავლეთში, რომ როგორმე დაარეგულირონ არსებული სიტუაცია.
„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და ჩვენი გუნდის წევრები, ისევე როგორც ნებისმიერი მისი მხარდამჭერი ყოველთვის ემზადება არჩევნებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ ფორმაში. „ქართული ოცნება“ დღეს არის კუთხეში მიმწყვდეული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად დადგებიან იმ კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ახლა რომ გამოდიან და გამალებით საუბრობენ, რომ სუვერენიტეტს იცავენ ორ ფეხზე მდგარი, სინამდვილეში ორ ფეხზე კი არა, ერთ ფეხზეც ვეღარ დგანან იმიტომ, რომ ფარდის მიღმა და მაგიდის ქვეშ დღეში ალბათ რამდენიმე გზავნილს აგზავნიან დასავლეთში, რომ როგორმე დაარეგულირონ ეს სიტუაცია. ერთი მხრივ, შენი საკუთარი ამომრჩეველი ატყუო, რომ თითქოს ევროპული პერსპექტივისთვის იღვწი და რაღაც ჯადოსნური 2030 წლისთვის ემზადები, რომ ევროკავშირში შეიყვანო ქვეყანა და ამავდროულად, მეორე ხელით იმ ტოტს ხერხავ, რომელსაც დგახარ, ეს შეუქცევადი პროცესია. შეუძლებელია ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდეს“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
კითხვაზე, თუ მოხდება პატიმრების გათავისუფლება შესაძლებელია „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი არჩევნებთან დაკავშირებით, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ „დიალოგის არსებობა შესაძლებელია ბოროტების სიმბოლოებთანაც კი, როდესაც ეს დიალოგი ემსახურება წმინდა მიზანს“, თუმცა ამავდროულად კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლება ან არ გათავისუფლება და არჩევნებში მონაწილეობა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
„რაც შეეხება ჩვენი პარტიის ზოგად ტრაექტორიას და გეგმებს სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის და ეს არასოდეს დაგვიმალავს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ველზე არ შეექმნას არც ტაქტიკური და არც სტრატეგიული კომფორტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ისინი ვერ მოესწრებიან. ჩვენი პოლიტიკური გუნდი იმოქმედებს იმ მიზნიდან გამომდინარე, რა იქნება საჭირო ამ კონკრეტული ორი ამოცანის შესასრულებლად. ეს ძალიან მარტივია და სხვებისგან განსხვავებით არასდროს დაგვიმალავს და არც არასდროს დავპირებივართ რამეს, რაც არ შეგვისრულებია“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
