კახა ურიადმყოფელი: 1992 წლის 2 თებერვალს, ჯაბას ეს სიტყვები მისმა ბანდამ სისრულეში მოიყვანა და თამარ მეფის გამზირზე მიმავალი დემონსტრაცია ავტომატების ჯერით ჩაცხრილა. შედეგად დაიღუპა 23 და დაიჭრა 186 ადამიანი

სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი სოციალურ ქსელში წერს:
“არავითარი მიტინგი ეგ არაა, არავითარი აქცია ეგ არაა. ეგ არის ფაშისტური სამხედრო აქცია… ხვალიდან გამოცხადდება ახალი წესები და ადგილზე დაიხვრიტება პროვოკატორი… დემოკრატია არის იცით რა? დემოკრატიას სიმაგრე სჭირდება. თუ დემოკრატია არ არის მაგარი, ის არის ანარქია. ვისაც ჰგონია, რომ დემოკრატია არის ლობიოობა, ლობიოობა არ არის დემოკრატია… და ჩვენ ვანახებთ რა არის დემოკრატია…” – განაცხადა ჯაბა იოსელიანმა იმ შავ-ბნელ წარსულში.
1992 წლის 2 თებერვალს, ჯაბას ეს სიტყვები მისმა ბანდამ სისრულეში მოიყვანა და თამარ მეფის გამზირზე მიმავალი დემონსტრაცია ავტომატების ჯერით ჩაცხრილა. შედეგად დაიღუპა 23 და დაიჭრა 186 ადამიანი.
დაღუპულებს შორის ყველაზე პატარა იყო 16 წლის მედროშე მამუკა ტერაშვილი, რომელიც საქართველოს დროშით წინ მიუძღოდა აქციას.
ბედის ირონიაა, რომ ამ ამბიდან 33 წლის თავზე, რუსულ რეჟიმს დაკავებული ჰყავს მისი ძმა გიორგი ტერაშვილი, რომელსაც აქციაზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან და 6 წლამდე პატიმრობისთვის იმეტებენ.
შვილების ნაცვლად ახლა უკვე მათი დედა დგას აქციებზე და ის აგრძელებს ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის… აი ასეთი ხალხია დღეს გარეთ გამოსული და ყველანი კარგად დაფიქრდით საკუთარ ნამუსთან, სანამ ვინმეს უსამშობლოს დაუძახებდეთ.
ალბათ დღესაც იქნება მამუკას და გიორგის დედა ჩვენთან ერთად. დღეს ხომ 2 თებერვალია და დღესაც ზუსტად ისევე გვემუქრებიან, როგორც მაშინ, იმ შავ-ბნელ წარსულში…