კახა მიქაია: ვფიქრობ, ესენი ამზადებენ რაღაცას, ხვალიდან შესაძლოა, სიტუაცია დაიძაბოს

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები გააფრთხილეს და კანონის დარღვევისკენ მიუთითეს, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე შეტანილი აქვთ განცხადება და ის, რაც პარლამენტის წინ ხდება აბსოლუტურად კანონიერია.

სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია ეჭვობს, რომ შესაძლოა, ისინი ამზადებენ ნიადაგს, რომ ხავლიდან სიტუაცია დაძაბონ.

სამართალდამცველები მოვიდნენ, თითქოს, გაგვაფრთხილეს, მაგრამ იურისტს, კახა წიქარიშვილს შეტანილი აქვს განაცხადი. ახლა პარლამენტის წინ რაც ხდება, ეს არის კანონიერი, ვფიქრობ, ესენი ამზადებენ რაღაცას, ხვალიდან შესაძლოა, სიტუაცია დაიძაბოს, მაგრამ გოგა მემანიშვილს და მთელ ხელისუფლებას  მინდა ვუთხრა – ამ უკანონო ხელისუფლებას, ჩვენ კანონით ველაპარაკებით, ჩვენ ვიცავთ კანონს, თუ ამ უკანონო ხელისუფლებამ კანონი დაარღვია, პირდაპირ გეუბნები, ამ უკანონობას არ დავემორჩილებით და გავაგრძელებთ პროტესტს პარლამენტის წინ, – განაცხადა კახა მიქაიამ.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებთან სამართალდამცველები მივიდნენ და გაფრთხილება მისცეს. მათი თქმით, ისინი საზოგადოებას პრობლემებს უქმნიან, რადგან მოძრაობას აფერხებენ. ამასთან, განაცხადეს, რომ ისინი კანონს არღვევენ და ნებისმიერი მსვლელობის, ან შეკრების დროს, წინასწარ 5 დღით ადრე უნდა შეიტანონ განცხადება, რათა ნებართვა მიიღონ.

„12 დეკემბერს ცვლილებები რომ შევიდა შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონში, მოგეხსენებათ ყველას. უკვე 5 დღეზე მეტია არ მოგიმართავთ განცხადებით, აქედან გამომდინარე, გაფრთხილებთ, დაიცვათ კანონით გათვალისწინებული ნორმები… თუ არ დაიცავთ, თქვენი შეკრება-მანიფესტაცია იქნება სამართალდარღვევა“,- უთხრეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს.