კახა კალაძის ინფორმაციით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი

თბილისის მერი აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.
„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – გეუბნებით, თუმცა დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აქვე დედაქალაქის მერმა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არც გაერთიანების შემთხვევაში აქვთ გამარჯვების შესაძლებლობა.
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, ვინ ვისთან იქნება – ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი ნული, იმიტომ, რომ ვიცით რას წარმოადგენენ ეს ადამიანები – გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.