„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, გამოეხმაურა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, „დასავლელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარი დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა“.
კალაძის შეფასებით, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი.
„სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა. დამაზიანებელია პირველ რიგში, მათთვის, ევროკავშირისთვის. ეს მიანიშნებს იმ რეალობაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამდენი ხნის განმავლობაში. ყოველთვის ორმაგი სტანდარტი, ყოველთვის სიცრუე, ყოველთვის ტყუილით გაჯერებული სიახლეები, ეს არის რეალობა სამწუხაროდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის შედეგებიც მედიაში გავრცელდა, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა. კვლევის თანახმად, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% – კმაყოფილი. აშშ-ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია – 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% – უკმაყოფილო.




