თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, Eagle Hills-ის ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საჯაროა.
„აღნიშნული ინვესტიციის წინააღმდეგ რატომ მიდის ბრძოლა? საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, თუნდაც ქართული სამშენებლო კომპანიების გაძლიერების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და ა.შ. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საჯაროა. კომერციული საიდუმლოება არის კონკრეტულად კომპანიის მოგებასთან დაკავშირებული ციფრები, რასაც აქვს თავისი ახსნა. აღნიშნული კომპანია მარტო საქართველოში კი არ არის შემოსული? იგი სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს. ალბათ, სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს ინვესტიციებს და რატომ უნდა იყოს საჯარო რომელიღაც სხვა ქვეყნისთვის ის ინფორმაცია, თუ რა პირობებით არის ეს კომპანია საქართველოში შემოსული? ის ჩვეულებრივი კომპანიაა, თავისი ბიზნესინტერესები აქვს და ყოველთვის ეცდება როცა სხვა ქვეყანაში შედის, თავისი ინტერესები დაიცვას, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ცნობით, საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, თბილისში, „კრწანისში, 600 ჰექტარზე, აშენდება ახალი მწვანე ქალაქი – მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით, ხოლო ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“.




