ეს ადამიანები – სენატორები [ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი] წარმოადგენენ „დიფ სთეითს” და ამაზე მეტყველებს, თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ამერიკელი სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ MEGOBARI Act-ის აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, აღნიშნულ აქტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ჩვენ ვიცით აღნიშნული აქტი ვის მიერ არის დაინიცირებული. ეს ორი ადამიანი [ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი] გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით, არაერთი განცხადება მოგვისმენია. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის „დიფ სთეითს”. მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო „დიფ სთეითის“ დამარცხება. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები – სენატორები წარმოადგენენ „დიფ სთეითს” და ამაზე მეტყველებს, თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ.
რაც შეეხება აღნიშნულ აქტს და მის სათაურს, ესეც ცინიკურია, იმიტომ, რომ მეგობრობასთან კავშირი აღნიშნულ აქტს არ გააჩნია. ეს არის ჩვეულებრივი მტრობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან. შესაბამისად, ჩვენთვის აღნიშნულს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
როდესაც გამოდიან ადამიანები და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თავს ესხმიან „დიფ სთეითთან” ბრძოლაში, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი ცხადი და ნათელია”, – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „MEGOBARI აქტი“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს, იქნება თუ არა თქვენი კავშირები რუსეთთან დადგენილი და მოელით თუ არა შესაბამის სანქციებს, აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძე ამბობს, რომ „ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, სიცრუე“.
„ეს არის „დიფ სთეითის“ ერთგვარი მიდგომა. ეს არამხოლოდ ჩვენთან მიმართებაში ხდება, ზოგადად, მთელ მსოფლიოში, დააკვირდით, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ხდება კონკრეტული ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, მაშინვე მოიშველიებენ, აქვთ ერთგვარი “მესიჯი”. ჩვენ რა უნდა გაგვიკვირდეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული პროექტიაო. ეს მათი მხრიდან ერთგვარი პიარული სვლაა. რუსული შლეიფით უნდათ შეფუთონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მათ არ აწყობთ და მათთვის არის პრობლემური. შესაბამისად, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და ბოლომდე ვიბრძოლებთ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, ასევე, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ვიღაცების ინტერესების გასატარებლად გარედან გამოყენებული არ იყოს ”, – აღნიშნა კალაძემ.
