დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ევროპარლამენტარ, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომ „სანქცირებულები ურეკავენ ევროკავშირს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით: როგორ შეუძლიათ ამ [სანქცირებულთა] სიიდან გასვლა”.
კალაძის თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ვერანაირი სანქცია ვერ იმოქმედებს.
„რა სისულელეა. ჩვეულებრივი სისულელე. რა გიპასუხოთ, ჩვეულებრივი სისულელე!
სანქციებთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესს და მის დაცვას, არანაირი სანქცია ვერ იმოქმედებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა“, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ ისაუბრა ევროპარლამენტის ანგარიშზე, სადაც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზეა საუბარი და განაცხადა, რომ რასაც „ოპოზიციურ პოლიტიკოსებს თავიანთი ბატონები უბრძანებენ, ეტყვიან და დაავალებენ, ისე იმოქმედებენ“.
„რამდენიმე თვის წინ ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდათ, ყველა საუბრობდა იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ეს დამღუპველი იქნებოდა. ისინი ძალიან კატეგორიულები იყვნენ და იმაზე საუბრობდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. თუმცა ბოლო დღეებია, კვირებია ხედავთ, როგორი შერბილებული „მესიჯები“ აქვთ, იმიტომ, რომ დავალება მიიღეს.
მერწმუნეთ, ამ ადამიანებს იმის საშუალება არანაირად არ აქვთ, რომ თვითონ გადაწყვეტილება მიიღონ. რასაც თავიანთი ბატონები უბრძანებენ, ეტყვიან და დაავალებენ, ისე იმოქმედებენ… მაშინ ეუბნებოდნენ, რომ ეს „მესიჯი“ უნდა ჰქონოდათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, დღეს უკვე დამოკიდებულება იცვლება, მათ ბრძანება მიღებული აქვთ და ვნახოთ, როგორი პრინციპულები არიან!“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, ვროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ „დასანქცირებულები ურეკავენ ევროკავშირს კითხვებით: “რა დაემართა ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს?”
მისი თქმით, ერთადერთი, ბერკეტი არის პერსონალური სანქციები.
