კახა კალაძე – ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ როცა ახორციელებ პიკეტირებას, კეტავ გზებს მაშინ, როცა არ გყავს საკმარისი რაოდენობის ხალხი, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ, როგორც კი ჩვენ ვნახავთ კანონის გადახვევას, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი უწყებების მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
კალაძის თქმით, ქვეყანას ოპოზიცია არ ჰყავს.
„ქვეყანაში ოპოზიცია არ გყავს, სამწუხაროდ. გვყავს მარგინალების და რადიკალების დაჯგუფება, რომლებიც თავიანთი არსებობით ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას, ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყნის გაძლიერებას, ეკონომიკურ წინსვლას, თუმცა ჩვენ ამ ადამიანებს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა დააზიანონ.
რაც შეეხება ზოგადად აქციებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი, ჩვენ ვნახავთ კანონის გადახვევას, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი უწყებების მხრიდან.
ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი შენ სცდები კანონის ფარგლებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არავის მიეცემა ისმის შესაძლებლობა,რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს პიკეტირება, საზოგადოებას და ხალხს შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. არსებობს კანონი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. როდესაც შენ მიზანმიმართულად ახორციელებ პიკეტირებას, კეტავ გზებს იმ დროს, როდესაც არ გყავს საკმარისი რაოდენობის ხალხი, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, “მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის შესახებ, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციამ დააკავა.
„არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს ან ნებისმიერ ადამიანს. შენ გინდა აქციის მონაწილე იყავი, ვინც გინდა იყავი, რატომ აყენებ პოლიციელს შეურაცხყოფას, რატომ აგინებ, რაღაცებს რატომ ესვრი? არ არის ეს სწორი ფორმა, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი იყო მისული და მომიტინგეებს ტექსტის სახით ინფორმაცია მიაწოდა, კანონით რაც არის გათვალისწინებული. ის ქმედებები, რაც ჩვენ ვიხილეთ, არ არის ეს სწორი – პოლიციელის შეურაცხყოფა, გინება. იგივე, თუნდაც ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რატომ არ გიჩნდებათ პროტესტის განცდა, როდესაც „პოსტვ“-ის, „იმედის“, თუნდაც „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებენ, ხელს უშლიან მუშაობაში. რატომ არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა, რატომ არ გამოდიხართ და იგივე კითხვას რატომ არ მისვამთ? ხომ თქვენი კოლეგები არიან? მოგწონთ ის დამოკიდებულება და განწყობა, რაც ამ ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართ აქვთ? არ ვარგა ეს, მეგობრებო, დამიჯერეთ, მაგრამ იქ მყოფი ადამიანები ჩვეულებრივი რადიკალები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირების საშუალებას არავის მისცემენ.
„ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ვერც აგენტურა, ვერც მოღალატეები, ვერც გარედან ე.წ. დეტალები ვერ შეცვლის არსებულ სიტუაციას. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.