კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ შტაბი არ მისულა არავისთან, არავის მყუდროება დაურღვევია და არავისთვის შეუშლია ხელი საარჩევნო პროცესებში

„არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალონ ერთმანეთს, კამპანიის დროს მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ბოლო დღეებში მის საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას ისაუბრა.
„ამ დაჯგუფების მხრიდან მსგავსი ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა ამ ტიპის ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემს.
რაც შეეხება უშუალოდ ბანერების დაზიანებას, ყველაფერს კანონის ფარგლებში უნდა მოჰყვეს რეაგირება. არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალონ ერთმანეთს, კამპანიის დროს მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს. „ქართული ოცნების“ შტაბი არ მისულა არავისთან, არავის მყუდროება დაურღვევია და არავისთვის შეუშლია ხელი საარჩევნო პროცესებში“, – აღნიშნა მ.
„სად ნახეთ ჩემი განცხადება მისამართების გავრცელებასთან დაკავშირებით? სასაცილოა ამ კითხვის დასმაც, რადგან თქვენ ხართ ზუსტად მოძალადეები, აღვივებთ შუღლს, თქვენი ბინძური პროპაგანდისტული ტელევიზიებით ცდილობთ საზოგადოება დააპირისპიროთ. მე არ მახსოვს გამოსულიყავით და დაგეგმოთ ძალადობა. პირიქით, ყოველთვის ახალისებთ და ტაშს უკრავთ.“
„არც ეს არის პირველი შემთხვევა. გაიხსენეთ წინა ძალადობრივი აქციები. ყოველ ჯერზე მიმდინარეობდა ბულინგი, შეურაცხყოფა, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდნენ, რაც ძალიან მძიმე ფაქტია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„შტაბს არავინ ჰყავს მობილიზებული. აქ ყოველდღიურად ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ხალხი მუშაობს, რადგან მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. აქციაზე მყოფ ნიღბიანებს რაც შეეხებათ, თუ ისინი ფიქრობენ, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან. ნიღბის ტარება არის დანაშაული, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და უნდა მოჰყვეს რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.