უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს პარლამენტის წევრს, პარტია „ფიდესის“ პრეზიდენტ გაბორ კუბატოვის შეხვდა.
თბილისის მერიის ცნობით, პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
„ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა ბუდაპეშტში, მადლობა ასეთი თბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან, რასაც ემატება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ პოზიციების თანხვედრა. როგორც საქართველოსთვის, ისე უნგრეთისთვის მთავარი ამოსავალი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და ერთგულება იმ ფუნდამენტური ღირებულებების, რასაც სუვერენიტეტის შენარჩუნება და სიმართლისთვის ბრძოლა ჰქვია“, – აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
მათივე ინფორმაციით, გაბორ კუბატოვმა წარმატებები უსურვა საქართველოს მმართველ გუნდს ქვეყნის ინტერესების დაცვაში და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს წარმატება აძლიერებს უნგრეთს, რაც სასიხარულოა. შეხვედრას უნგრეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.




