კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე,-ასე შეაფასა თბილისის მერმა, მ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის დაწყებული მოლაპარაკებები. თბილისის მერმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტს „აბსურდის თეატრის მსახიობები“ უწოდა.
„საერთოდ არ მაინტერესებს ეს კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები და არც მათი მხარდამჭერები, მაგრამ პირველ რიგში, მათი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, გამოდიან და ამბობენ, ხმა მოგვეცით, ამას გავაკეთებთ , იმას გავაკეთებთო და საუბარი არის ტექნიკურ მთავრობაზე. მაშინ ვის აძლევ ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან, რომელსაც კონკრეტული როლები აქვთ მინიჭებული. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური გუნდი, როგორიც არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან მყარი, ძალიან მაგარი მხარდაჭერა აქვს. 2012 წლიდან ვარ ჩართული არჩევნებში, მე ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, არ მახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანი ეს თანადგომა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, დავიცვათ და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებს.
დღეს, 8 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლეში შეხვედრა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან შედგება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან აუდიენციაზე პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სხვა ლიდერებთან ერთად 15:00 საათზე მივა. დღესვე დაგეგმილია აუდიენცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებთან.
როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, რომელთაც გამოუცხადეს „სრული მხარდაჭერა პროცესს“.