კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს

ამ რეზოლუციებს ფასი არ აქვს. რეალობა არის ერთი – საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს, – ამ განცხადებით დედაქალაქის მერი გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
თბილისის მერის თქმით, დასავლეთისგან ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ატარებს პროქართულ და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას.
„ერთი რამ სასიხარულოა, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაშიც უკვე ოფიციალურად დაწერეს, მოვუწოდებთ, რომ შევუერთდეთ სანქციებსო. ამდენი ხანი თვითონ არ საუბრობდნენ, გვერდიდან ვიღაც-ვიღაცებს ალაპარაკებდნენ, ისევე როგორც ომთან დაკავშირებით. თქვენ ხომ არ მოგისმენიათ განცხადებები ოფიციალური პირებისგან, რომ ქვეყანამ მეორე ფრონტი უნდა გახსნას. მაგრამ იქით უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი ალაპარაკეს, არასამთავრობო ორგანიზაციები ალაპარაკეს, ბომბები გვინდა ცვიოდესო. ეს არის რეალობა. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხელის გადაგრეხვის მეორე ნაწილსაც ალბათ სამომავლო რეზოლუციაში ჩაწერენ და საზოგადოებას ნათლად ეტყვიან, რაზე იყო საუბარი.
სანქციებს რომ მივერთებოდით, ვინ დაზიანდებოდა ამით? დაზიანდებოდა ჩვეულებრივი მოქალაქე, გლეხი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გაგვიუბედურდებოდა ეკონომიკა. რუსეთს ამით ჩვენ ვერაფერს დავაკლებდით და მოტივი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეზიანებინათ. ჩვენ ხალხმა რატომ აგვირჩია? – იმიტომ, რომ ვატარებთ პროქართულ, პრაგმატულ პოლიტიკას და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესს ვიცავთ. ხალხი იმიტომ გირჩევს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკა გაატარო, თორემ იარაღის აღებას რა უნდა? ეს ყველაზე მარტივია, აიღო იარაღი და იომო, მაგრამ სულელი ხომ არ უნდა იყო?! – მიზანიც ეს იყო, რომ თუ მივიღებდით არასწორ გადაწყვეტილებას და გავაუბედურებდით ხალხს, ხალხი ისევ ჩვენ მოგვადგებოდა და ლეგიტიმური უფლებაც ექნებოდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი – “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, “მწვანეებმა” და “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ოპოზიციური პარტიები – “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი”, ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ულტრამემარცხენე “სარა ვაგენკნეხტის კავშირი” წინააღმდეგ წავიდნენ. “მემარცხენეებმა” კი თავი შეიკავეს.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.
აქვე ხაზგასმულია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ს ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.