მის „ვოიაჟებს“ არანაირი აზრი არ აქვს – სადაც უნდა იქ წავიდეს, ვისთანაც უნდა გამართოს შეხვედრები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიის რეგიონში გამგზავრებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი „არასდროს არ ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ოჯახს, საკუთარ ხალხს“.
„ამ ადამიანის „ვოიაჟებს“, რაღაც გადადგმულ ნაბიჯებს, არანაირი აზრი არ აქვს. ეს ადამიანი არასდროს არ ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ოჯახს, საკუთარ ხალხს. მას ჰყავს პატრონი, რომელსაც მის მიმართ მოთხოვნები აქვს, იმიტომ, რომ მისი შვილები უზრუნველყვეს, სხვადასხვა მიმართულებით დაასაქმეს. ეს შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანს აქვს ვალდებულებები თავისი პატრონების მიმართ და მზად არის, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას, იქნება ეს ყველანაირი უბინძურესი ნაბიჯი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული თუ არა.
ყველაფრისთვის მზად არის, რომ ქვეყანა დააზიანოს. შელახოს ქვეყნის რეპუტაცია. ყველამ კარგად იცის ქვეყნის შიგნით, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი და მის ქმედებებს არანაირი აზრი არ აქვს. სადაც უნდა, იქ წავიდეს, ვისთანაც უნდა გამართოს შეხვედრები. ხალხმა ამ ადამიანს გამოუტანა განაჩენი და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყანას მტრობს და ვინც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“,- აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას, კალაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, „ეს რადიკალური დაჯგუფება ერთად იქნება, თუ დაშლილი“.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური დაჯგუფება ერთად იქნება თუ დაშლილი. როდესაც შენ ხარ სხვა კონკრეტული ძალების სამსახურში და ქვეყნის ინტერესებს არ იცავ, რა თქმა უნდა, შენი ყველა ქმედება გინდ დაშლილების შემთხვევაში, გინდ გაერთიანებულების შემთხვევაში, განწირულია მარცხისთვის. ვიცით, რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება, საიდან იმართება, რა ინტერესები ამოძრავებთ. შესაბამისად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ამ რადიკალურ დაჯგუფებას, ყველას ერთად აღებულს, გასცა შესაბამისი პასუხი. აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია და ისინი იქნებიან იქ, სადაც დღეს“,- განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძე გამოეხმაურა ზურაბიშვილის განცხადებას, გუშინ, საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის დასრულების შემდგომ სტადიონზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
კალაძის თქმით, „ნათლად ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს ზურაბიშვილის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ“.
„ეს ადამიანი სპორტში და ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა, ეს გასაგებია. ისიც ნათლად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ცხადია, ის, რაც მოხდა არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ფეხბურთში ასეთი ფაქტები ხდება. გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სომხებთან და ჩვენს მეგობარ ხალხთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს. ეს ფეხბურთია, ფაქტი ცუდი იყო, რაც მოხდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ და ვერ აისახება ჩვენს მეგობარ ძმებთან, დებთან, სომხებთან ურთიერთობაზე. არ იყო ლამაზი ის, რომ გულშემატკივარი მოედანზე შემოვიდა, მაგრამ ფეხბურთს ასეთი მომენტები ახასიათებს“,- აღნიშნა კალაძემ.
