მიხეილ სააკაშვილი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ, [მის ციხეში გადაყვანაზე] შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის „საქართველოსთვის“ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში გადაიყვანონ.
როგორც კალაძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს ჰქონია და ის რეალურად, დიეტაზე იყო.
„ცხადია, მას არასდროს, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. უბრალოდ ის კამპანიას აწარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუკი რაიმე დაავადება არსებობს მსოფლიოში, ყველა ამ ადამიანს ჰქონდა თითქოს. ასე საუბრობდნენ და ამბობდნენ მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები. რეალურად, ეს ადამიანი იყო დიეტაზე. შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კალაძემ.
მან ასევე გაერთიანებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს „ქართული ოცნების“ საქმე არ არის.
„გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუ რას ემსახურება [სააკაშვილის] ეს განცხადება. როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები, ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და ჩვენი გასარჩევი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება. რა თქმა უნდა, მთელი ძალისხმევა და ყურადღება გვაქვს მიმართული, რომ გამოწვევებს ღირსეული პასუხი გაეცეს,“ – აღნიშნა მან.
ამასთან, კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია.
„ცხადია, გუნდი არ არსებობს ჩამოშლილია, დაშლილია. ხაბეიშვილი რომ გეყოლება თავმჯდომარედ, ყველაფერი ნათელია. ამიტომ არ ვიცი, თუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვის რა თანამდებობა ექნება „ნაცმოძრაობაში“ მათი გადასაწყვეტია,“ – განაცხადა კალაძემ.