როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ხდება საქართველოს შეფასება ჯანსაღად, პოლიტიკის გარეშე, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა – მაგრამ, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეაფასა.
მისი თქმით, „სამართლიანობა და სამართლიანი დამოკიდებულება და ქვეყნისა და ქართველი ხალხის პატივისცემა გვჭირდება“.
„განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, სიცრუით არის გაჯერებული. ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული. როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ხდება საქართველოს შეფასება ჯანსაღად, პოლიტიკის გარეშე, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, კანდიდატ ქვეყნებს შორის და თუ გინდ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინ არის თავისი რეფორმების განხორციელებით – ეკონომიკური, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ბევრი კრიტერიუმით.
მაგრამ, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუეს, მუქარას. ბევრჯერ გვითქვამს, რომ არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა ეს ევროპული ბიუროკრატია არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, თუმცა ევროპა და ევროპულობა გვინდა საქართველოში, ევროპული კანონებით ცხოვრება და არა ევროპული ბიუროკრატია, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეა, ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება და ჩვენ ასეთი ევროპა არ აგვირჩევია.
გვჭირდება სამართლიანობა და სამართლიანი დამოკიდებულება, ქვეყნისა და ქართველი ხალხის პატივისცემა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, „საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა, ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა გაიღოს, რათა მუშაობა დაიწყოს გამორჩეულ წუხილებზე და რეფორმებზე“. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს.




