როგორც კი განსხვავებულ მოსაზრებას და კითხვას ისმენენ, მაშინვე გადმოდიან შეურაცხყოფასა და ბულინგზე – საელჩოები არ ვიცი, სად არიან ჩამძვრალები. ხმას არ იღებენ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებისთვის, აქციების გაშუქებისას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ვხედავთ „რადიკალურ მარგინალურ დაჯგუფებას, ვისთვისაც განსხვავებული აზრი არ არსებობს“.
„როგორც კი განსხვავებულ აზრს ხედავენ, განსხვავებულ მოსაზრებას, კითხვას მაშინვე გადმოდიან შეურაცხყოფასა და ბულინგზე. ჩემთვის მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ ვხედავთ. ამაზე სიჩუმეა, არავინ არაფერს საუბრობს. საელჩოები არ ვიცი, სად არიან ჩამძვრალები. ხმას არ იღებენ და სამწუხარო რეალობა“,-აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „გაზულუქებულმა არასამთავრობოებმა, კოლექტიურმა გიგაურმა და ლომჯარიებმა“ საზოგადოებას დეკლარაციები უნდა წარუდგინონ, თუ რაში იხარჯება თანხები.
„რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რატომ გახდა საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემოღება. ეს უბრალოდ ხომ არ მოგვიტანია? ამას აქვს საფუძველი, რის გამო მოხდა აღნიშნული კანონის მიღება. როდესაც გარედან ე.წ. მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რომ დააფინანსონ რადიკალიზმი, რევოლუციური სცენარები, პოლარიზება, ადამიანისების დაპირისპირება. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა…რა თქმა უნდა, ამას შევეწინააღმდეგებით.
არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკონტროლო თანხები შემოდიოდეს და ამ სიბინძურეს მოხმარდეს. კეთილი ინებონ, წელიწადში ერთხელ წარუდგინონ დეკლარაცია საზოგადოებას იმ გაზულუქებულმა არასამთავრობოებმა, კოლექტიურმა გიგაურმა და ლომჯარიებმა ვისგან მიიღეს თანხები და რა პროექტებში იხარჯება“, – აღნიშნა კალაძემ.