კახა კალაძე – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა – ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა, რითაც ისინი „საპარლამენტო ს არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ“.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი ყოველდღიურობა.
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ („ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია საქართველოსთვის”) ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს. გაუგზავნეს საიდუმლოდ, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, თუმცა ჩვენ მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ეს წერილი, სადაც წერია: „გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი“ – აი ეს მოთხოვნები იკითხება ამ ანტისახელმწიფოებრივ წერილში.
რადიკალები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილში, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ 30 დღის განმავლობაში დააინიცირონ სპეციალური მისია საქართველოში.
ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მავნებლები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მომინდია. აღარავისთვის არის უცხო, როგორ ოპოზიციურ ძალასთან გვაქვს საქმე – ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი გაცხადებული პოლიტიკაა და ეს არის ყოველდღიურობა.
რასაკვირველია, ჩვენ როგორც აქამდე, არც აწი დავუშვებთ მათი გეგმების განხორციელებას. დღეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრული მხარდაჭერა, არის ძლიერი და შესწევს უნარი, დაიცვას ქვეყანა არეულობისგან, აქვს იმის ძალა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა,“ – განაცხადა კალაძემ.