რადიკალიზმის, ბოროტების, კრიმინალის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის – ესე იგი რა გამოდის, ქვეყანამ დღეს უნდა იმოქმედოს და ასეთი პოლიტიკოსები უნდა გაუშვას ქვეყნიდან თავისი ოჯახებით, უნდა შეავიწროოს, ეს ხომ არ არის სწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვის საპასუხოდ – უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში ის პირები, ვინც ქართული სასამართლოს მიერაა გასამართლებული.
მისივე თქმით, „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ შესაბამის ადგილს მიუჩენს“.
„რადიკალიზმის, ბოროტების, კრიმინალის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. როდესაც შენ იმის ამბიცია გაქვს, რომ პოლიტიკოსი იყო და გამოდიხარ და შენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხაზი არის მუქარა. კონკრეტულ ადამიანებს ემუქრები, რომ არჩევნების შემდეგ ისინი ქვეყანაში ვერ იცხოვრებენ. ესე იგი რა გამოდის, ქვეყანამ დღეს უნდა იმოქმედოს და ასეთი პოლიტიკოსები უნდა გაუშვას ქვეყნიდან თავისი ოჯახებით, უნდა შეავიწროოს. ეს ხომ არ არის სწორი დამოკიდებულება. ამიტომ ვამბობ, რომ ვინც რადიკალიზმით და ბოროტებითაა გაჯერებული, თავდაპირველად, ესენი იქნებიან დამარცხებულები. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ შესაბამის ადგილს მიუჩენს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძე პარტია “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გვარამია გეგმავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს, რაზეც “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი განმარტავს, რომ გვარამიამ “სადაც უნდა იქ წაიღოს მისი საქმე”.
„ნიკა გვარამიას გადასაწყვეტია, სადაც უნდა იქ წავიდეს, სადაც უნდა იქ წაიღოს მისი საქმე. რეალობა არის ერთი ის, რომ საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ეს არის სწორი. სტრასბურგის სასამართლომაც არ დააკმაყოფილა. მე არ ვიცი, ამაზე მეტი სად უნდა წავიდეს, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. რეალობა არის ერთი, რომ ის იმ კონკრეტულ საქმეში დამნაშავე იყო”, – განაცხადა კალაძემ.
ასევე, თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვება, „არ გაუხარდათ“.
„აქედანაც კარგად ჩანს თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ გაუხარდათ ეროვნული ნაკრების გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის წინსვლა. რა თქმა უნდა, ბიჭების დამსახურებაა. მხოლოდ ბიჭები ვერაფერს გააკეთებენ, გუნდი რომ არ იყოს. ნახეთ, რამდენი გამარჯვება გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში, რამდენი წარმატება, რამდენი მედალი. ეს მხოლოდ იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს. დარწმუნებული ვარ, „ლელო“ რომ იძახის რა შუაშია ფეხბურთის ფედერაცია და ხელისუფლება, შუაში კი არა, თავშია. აქედან იწყება ყველაფერი – მიდგომებიდან და დამოკიდებულებებიდან. კიდევ ერთხელ, ქართველ გულშემატკივარს – არ მიაქციოთ, მეგობრებო, ასეთ ბოროტ ადამიანებს ყურადღება. აქ ნამდვილად არ უხარიათ ამ ქვეყნის წინსვლა. არც ის გაუხარდათ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღო. ხომ გახსოვთ რა სახეებით იყვნენ. იგივე სახეებით არიან ახლა, იგივე მდგომარეობაში არიან ახლა. საქართველო კიდევ ბევრჯერ იზეიმებს, კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს“,- აღნიშნა კალაძემ.