რა კვლევებზე მესაუბრებით, [გიორგი] თარგამაძემ [დავით] კეზერაშვილთან ერთად რაღაცა მოხაზა და მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? – მოგიგიათ არჩევნები და ეგ არის! – ასე უპასუხა თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, Edison Research-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.
კალაძის განმარტებით, 2012 წლიდან ქვეყანა ვითარდება და აქვს წარმატება.
„მოგიგიათ არჩევნები და ეგ არის! მოგებული გქონიათ არჩევნები და რატომ სვამთ კითხვებს და რატომ ნერვიულობთ? რა კვლევებზე მესაუბრებით, თარგამაძემ კეზერაშვილთან ერთად რაღაცა მოხაზა და მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? გეტყვით, არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს და ყოველდღიურად დავდივარ თბილისში. პარტიული ღონისძიებებით მოვიარე მთელი საქართველო. ყველა რაიონში და ქალაქში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რა სიტუაციაა. რა თქმა უნდა, გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ციფრები რომ იწერება, ჩემი მოგონილი ხომ არ არის? 2012 წლიდან ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება ეკონომიკურად. ყველანაირ ასპექტში გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და შედეგები. ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, მიუხედავად ზეწოლისა, ბულინგისა, შემოტევებისა, ეს შენარჩუნებული იქნება. ცხადია, არსებობს გამოწვევები, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ, სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ეს მარტო საქართველოში არ არის. ყველა ქვეყანაშია ასეთი მოსახლეობა. ზუსტად იმისთვის, რომ შევამციროთ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა და ეს ტენდენცია გვაქვს, ამისთვის არის მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია: კოალიცია ცვლილებებისთვის – ახალი/გირჩი/დროა – 9.9%; „გირჩი“ – იაგო ხვიჩია 5.2%, „ლეიბორისტული პარტია“ 3.3%, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ ინფო“ 2.6%, „მოქალაქეები“ 2.2%; „ევროპული საქართველო“ 1.9%, „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია0.9%, სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.