პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ სპეკულაციები, თითქოს საქართველო-ჩეხეთის მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს და უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე, ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი აქვს, ყველაფერს კარგად ხედავს. ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე შესაძლებელი იქნება მატჩის ყურება.
„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, თითქოს მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე სრულიად უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. არ შევალ დეტალებში, არ გავაკეთებ განცხადებას ამ სპეკულაციებზე. ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი აქვს, ყველაფერს კარგად ხედავს. ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს. ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა შესაბამისი განცხადებით და მეტს ვერაფერს დავამატებ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულშემატკივრის ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის, ამიტომ ყველანი ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დასწრებოდა მატჩს.
ვინც უბილეთოდ დარჩა, მინდა გაცნობოთ, რომ 7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, იქნება დიდი ეკრანი და ყველა პირობა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა შეძლოს ემოციების გაზიარება და საქართველოს ნაკრების ქომაგობა“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველო-ჩეხეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 27 223 გულშემატკივარზეა გათვლილი. აღნიშნულმა ფაქტმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, კერძოდ, ისინი მოითხოვდნენ მატჩი ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გამართულიყო, რომელიც 54 139 გულშემატკივარზეა გათვლილი. საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ყველა ბილეთი 1 საათში გაიყიდა. მატჩზე დასასწრები სულ 25 000 ბილეთი იყო, რადგან 7 სექტემბერს საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
როგორც მმართველ გუნდში განამარტავენ, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი „ამორტიზებულია, მდგრადობის შესაძლო პრობლემით“. დინამო არენამ კი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ რესტავრაციის შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა – ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შესთავაზეს გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.