თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონი „გრანტების შესახებ“, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამოყოფის საკითხს და ცხადი გახდება, თუ რა პროექტებში იხარჯება უცხოური დაფინანსება.
ამის შესახებ მან დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დაფინანსების გამოყოფას ეხებოდა.
„ვიცით, როგორ ხდებოდა რადიკალური ძალების დაფინანსება, ვინ იყო მთავარი დამფინანსებელი და საიდან მოდიოდა ეს თანხები. სიახლე ამ კუთხით ნამდვილად არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ კითხვებზე არანაირი პასუხი არ არსებობს. კანონი, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს ამ ტიპის ქმედებებს და ცხადი იქნება, თუ სად მიემართება ეს თანხები, რა პროექტებში იხარჯება. რა თქმა უნდა, მავანს არ სურს, გააცხადოს, თუ რა პროექტებს ხმარდება ეს დაფინანსება. ძირითადად, ის მიემართებოდა რევოლუციური სცენარების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამ საკითხისა, კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებსა და მასში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ კითხვასაც უპასუხა. კალაძის თქმით, ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს იმ ლოგიკით, რომ “მკვდარს ვერ გააცოცხლებ?“
„არანაირი რესურსი არ აქვს ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ? ასე არის დღეს ჩვენი ოპოზიციის საქმე. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ ეს თავისით გადაწყვიტოს. ისინი მითითებებს ელოდებიან გარედან, თავიანთი პატრონებისგან და რასაც უბრძანებენ, იმას თავდახრილი გააკეთებენ. დღეს, შეიძლება თქვან, რომ მონაწილეობას არ ვიღებთო, მაგრამ როგორც კი ხვალ წამოვა ბრძანება, რომ უნდა ჩაერთონ, რა თქმა უნდა, შეიცვლიან დამოკიდებულებას და მონაწილეობას მიიღებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ასევე, კახა კალაძე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი ცესკო-ს ღია წერილსაც. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტი არ არსებობს და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან.
„არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, ოპოზიციონერებმა პროკურატურაში სათანადო მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, გარეთ არ გასულან, მოსახლეობას არ შეხვედრიან, კაფეებში დადიოდნენ, ცხელ ყავასა და ჩაის მიირთმევდნენ და შესაბამისი შედეგიც მიიღეს. ისინი ჯერ ხალხს არწმუნებდნენ, რომ გაიმარჯვეს და შემდეგ გაირკვა, რომ დამარცხდნენ. არჩევნებში მხოლოდ რადიკალები კი არა, არამედ ის ევროპელი ბიუროკრატებიც დამარცხდნენ, რომლებიც ქვეყანას ებრძვიან. ეს ადამიანები აგრძელებენ დისკრედიტაციას, ევროპაში საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები თითქოს გაყალბდა, თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა მსგავსი ფაქტი, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
