კახა კალაძე ოპოზიციაზე – სურვილი აქვთ, რომ დანაშაული რეპრესიებად შეფუთონ, რა გამოდის? პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს და ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ეს სწორი არ არის – პოლიტიკოსები პირველები უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე

ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია – სურვილი აქვთ, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიებად შეფუთონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტების გამო დაჯარიმდნენ.
მისივე განმარტებით, პოლიტიკოსები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კანონს, წესრიგს უნდა იცავდნენ.
„ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. სურვილი აქვთ, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიებად შეფუთონ, ანუ რა გამოდის? – შენ პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს და ფაქტობრივად, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. შენ შეგიძლია ვიღაცა ან რაღაცა დააზიანო, კანონი დაარღვიო და როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს, ამის უფლება მათ უნდა ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ, პოლიტიკოსებს საზოგადოების, ხალხის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ვინც კანონს, წესრიგს დაიცავს და ა.შ. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება. თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, ამას რადიკალური დაჯგუფება აკეთებს”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ზოგიერთ პოლიტიკოსსა და აქტივისტს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან – 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.