მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს, არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება – აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ! – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, შესაბამისი რეაგირება იქნება.
„არაფერი არ იქნება. ხაბეიშვილი არ არის სერიოზული ფიგურა და მისი განცხადებები არ არის საინტერესო. თავიანი მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს, არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება. თუ ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. აბა გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ“,-აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ შეურაცხყოფა და ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის.
„ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. არ მინდა ოპოზიციაზე საუბარი, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ, ვესაუბრები დედაქალაქის მოსახლეობას გაკეთებულ საქმეებზე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე. ის, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ცხადია. არის აზრთა სხვადასხვაობა. ალბათ, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
