მუდმივი შანტაჟი, მუდმივი მუქარა…არსებულ ბიუროკრატიას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვს. აცდენილი არიან ყველას და ყველაფერს, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპელი ლიდერების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა და სანქციების დაწესების თაობაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია“.
„ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი და მუქარა, როდესაც პირდაპირ თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია. ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ბოლო წლების განმავლობაში, რაც უკრაინა-რუსეთის ომი გაჩაღდა, მას შემდეგ წამოვიდა ეს აგრესია, იმიტომ, რომ არ მივეცით მათ შესაძლებლობა ქვეყანა ჩართულიყო ომში. არ მივეცით შესაძლებლობა ქვეყანა მიერთებოდა იმ სანქციებს, რაც დამანგრეველი იქნებოდა ეკონომიკურად. ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი. მუდმივი შანტაჟი, მუდმივი მუქარა…არსებულ ბიუროკრატიას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვს. აცდენილები არიან ყველას და ყველაფერს“, – აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სანქციების დაწესების შესახებ საკითხს ივლისში დაუბრუნდებიან.
„ჩვეულებრივი გაგრძელებაა იმ ნარატივის, რასაც ვხედავდით ბოლო თვეები. პირდაპირი მუქარები. თუ ეს თავიდან კაბინეტში ხდებოდა და ცდილობდნენ გარეთ არ გამოსულიყო აღნიშნული საკითხი, დღეს რეზოლუციებშიც კი წერენ ყველაფერს. საზოგადოება ხედავს, რა პროცესები მიდის. მით უმეტეს იმ ფონზე, თუ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში, მგონი, ყველა კარგად ვხვდებით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა კალაძემ.
