მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. მოხდა უბედური შემთხვევა, რაც ძალიან მძიმე და ცუდია. რაც შეეხება განცხადებას შენობის ავარიულობის კატეგორიებთან დაკავშირებით, აღნიშნულ კორპუსს აქვს მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი. ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი მეხუთე კატეგორია. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, რითაც „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან.
„ამ კონკრეტულ შენობაში ცხოვრობდა ხალხი და არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან. საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. ჩვენ საზოგადოებას 2021 წელს მივეცით პირობა, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც შევძლებდით ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ქალაქში. ეს პროგრამა არსებობს, თუმცა არსებობს გამოწვევები იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ავარიული შენობებიდან მოსახლეობის 100%-ის თანხმობის გარეშე გაიყვანონ, ტყუილია, იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი რამ დადასტურდება, მზადაა თანამდებობა დღესვე დატოვოს.
„ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაავრცელებთ არასწორ და მცდარ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. თუ ეს არასწორია, მაშინ დღესვე დავტოვებ თანამდებობას. მსგავსი ცვლილებები არ განხორციელებულა, რომ 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტმა ხალხი სახლებიდან გამოყაროს. ეს ხდებოდა 2012 წლამდე“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
