კახა კალაძე – მოღალატეები ქვეყნის შიგნით თუ გინდათ ნახოთ, ეს არის ის აგენტურა, უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ფულზე გაყიდულები არიან

მოღალატეები ქვეყნის შიგნით თუ გინდათ ნახოთ, ეს არის ის აგენტურა, უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ფულზე გაყიდულები არიან,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვის გულისხმობდა მოღალატეებში, როდესაც „ქართული ოცნების“ 13-წლიან მმართველობაზე საუბრობდა.
კახა კალაძის განცხადებით, ეს პირველ რიგში, ის აგენტურული ქსელია, რომელიც ქვეყანაში, უცხოური დაფინანსებით, რევოლუციების მოწყობისთვის იქმნებოდა.
„მოღალატეები ქვეყნის შიგნით თუ გინდათ ნახოთ, ეს არის ის აგენტურა, უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ფულზე გაყიდულები არიან. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს აგენტურული ქსელი შექმნილიყო. ეს ყველაფერი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ქვეყანა აკონტროლონ. როდესაც ხელისუფლება არსებობს და გყავს აგენტურული ქსელი, გარედან აკონტროლებ და რასაც გინდა, იმას გააკეთებინებ ხელისუფლებას. თუ არადა, „ააყირავებ“, რევოლუციას მოუწყობ და ა.შ. ამის მცდელობები იყო ყოველწლიურად და დღესაც არ ისვენებენ. ნახეთ, რამდენჯერ იყო მცდელობა, რევოლუცია მოეწყოთ ქვეყანაში, მაგრამ ქართველი ხალხი გონიერია, ძალიან კარგად აფასებს, ხედავს, თუ რა პროცესები მიდის, ვის რა პოლიტიკური ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ძალიან კარგად გაიგო ქართველმა ხალხმა, რომ აქ არც ამერიკელი ჩამოვა, არც ევროპელი, არც თუნდაც რუსი, არ დაიცავს და არ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. ყველას – ამერიკელსაც, ევროპელსაც, რუსსაც აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ჩვენ, ქართველებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა, სამშობლოს ინტერესები დავიცვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა და პირველ რიგში, გათვალისწინებულია ქართველი ხალხის ინტერესები.
„ბოლო წლების განმავლობაში პირველი და მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა, რასაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყოველდღიური ბრძოლით, წინგადადგმული ნაბიჯებით ახორციელებს – შევინარჩუნეთ მშვიდობა. ცხადია, მარტივი არ ყოფილა და არ არის მშვიდობის შენარჩუნება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ებრძვიან ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას ზოგადად. არ ისვენებენ და ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ გარედან, გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით, ცილისწამებით, მუქარებით, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მტკიცე, პრაგმატული პოლიტიკით ვახერხებთ, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.