მოქალაქეებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდებს – „ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ“

კახა კალაძე მოქალაქეებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდებს – „ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ“
თბილისის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით ისარგებლონ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროგრამის ფარგლებში ახალი კორპუსების მშენებლობა ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს – გამოიყენეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ისტორიული უბნებისთვის ასევე გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა, სადაც ინვესტორების ჩართულობით, იქ მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმ ავარიული საცხოვრებელი ფართების მოწესრიგება, განახლება- რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები ჩვენთვის ძვირფასია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა-რეაბილიტაციას „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების განახლებას დაიწყებს.
„გარდა ამისა, გვაქვს ჩანაცვლების პროგრამა და მოგიწოდებთ, გამოიყენეთ, ისარგებლეთ მისით. ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ. მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურები არის თქვენს უკან და ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეს სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხო პირობებში გააგრძელოთ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში