კონკრეტული ყმაწვილი „დიფ სტეიტის” წარმომადგენელია – პირველ რიგში, თავის წარსულს გადახედოს, ვის პოლიტიკას ატარებს და დღეს ვის წარმოადგენს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტარ, მიხაელ გალერის განცხადებას, სადაც გალერიმ აღნიშნა, რომ „თუ არ მეშლება, ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, შესაძლოა რაღაც ზომები იქნას მიღებული“.
მისივე თქმით, არც ევროპა და არც ევროპული ღირებულებაა – მუქარა და შანტაჟი.
„კონკრეტული ყმაწვილი „დიფ სტეიტის” წარმომადგენელია. პირველ რიგში, ზოგადად გაერკვეს, ვინ ვინ არის და ვინ რით ცხოვრობს. ასევე, თავის წარსულს გადახედოს, ვის პოლიტიკას ატარებს და დღეს ვის წარმოადგენს.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არაერთი მუქარა, შანტაჟი გვინახია, რა თქმა უნდა, ეს არც ევროპაა და არც ევროპული ღირებულებებია, ეს ადამიანები კონკრეტული ძალების წარმომადგენლები არიან, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ, არც საქართველო და არც დემოკრატია, მათ ამის ინტერესი საერთოდ არ აქვთ. მათ მხოლოდ და მხოლოდ იმის ინტერესი აქვთ, რომ თავიანთი პატრონები, რასაც ეტყვიან, დაავალებენ გამოვიდნენ და ის გაიმეორონ. მათ იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ თავისი მოსაზრება გაახმოვანონ და გააჟღერონ.
ამ ტიპის განცხადების მიმართ ლოიალურები უნდა ვიყოთ, თუ თავი უნდა დავუხაროთ? – ბატონმა, განცხადება გააკეთა და ჩვენ მონებმა თავი უნდა დავუხაროთ?! – ეს არის თქვენი დამოკიდებულება!” – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილს ქონება საფრანგეთში კვლავ აქვს, კალაძემ უპასუხა: „თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ, ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე”.
„ნუ ინერვიულებთ, თქვენ იმდენი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ, ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე.
ამ ტიპის განცხადებებით, როდესაც შენ შეურაცხყოფას გაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ხომ არ ვესხმით თავს ვიღაცას?! ჩვენ თავდაცვის რეჟიმში ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და საქართველოს მომავალს”, – აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა ბრიტანეთის პარლამენტის წევრის და ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენლის, ჯეიმს მაკკლირის განცხადებას, რომელიც ბრიტანეთის მხრიდან „ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ პერსონალურ სანქციების საკითხზე საუბრობს”.
კალაძის განცხადებით, სანქცირება ვერ იქნება შემაჩერებელი ფაქტორი, რომ „ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარი თქვას.
„ჩვენთვის ეს [სანქცირება] შემაჩერებელი ვერ იქნება, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ჩვენ სანქციებით გვემუქრებიან. არ მინდა, კიდევ ყველაფერი მოვყვე იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა კაბინეტებში, კონკრეტული უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ინტერესი არ დაითმობა. ჩვენ ქვეყნის გაძლიერებას, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობას გამტკიცებას გავაგრძელებთ. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ და დღესაც, ეს ბრძოლა გრძელდება. ერთი ბატონის, მეორე ბატონით ჩანაცვლება, ეს არ არის, არც თავისუფლება და არც დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ყოველდღე ჩვენ დაგვჭირდება ბრძოლა იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და ჩვენი სუვერენიტეტი განვამტკიცოთ”, – აღნიშნა კალაძემ.
