კახა კალაძე მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულზე – მე გავიმეტე თუ თვითონ გაიმეტა თავი? – კანონი ყველას წინაშე ერთნაირად მუშაობს, ძალიან გულდასაწყვეტია, არავის დაჭერა არ მიხარია

კანონი ყველას წინაშე ერთნაირად მუშაობს. ძალიან გულდასაწყვეტია, არავის დაჭერა არ მიხარია და სამწუხაროა. უნდა შევეცადოთ, თავი შევიკავოთ ასეთი ფაქტებისგან. ძალადობა ცუდია და არაა მისასალმებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ განაცხადა, რითაც იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ 8-9 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს.
რაც შეეხება უშუალოდ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძესთან დაკავშირებულ კითხვას, „თუ რატომ გაიმეტეს ის“, კალაძე პასუხობს: „მე გავიმეტე თუ თვითონ გაიმეტა თავი?“
„ზოგადად, არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. პატიმრობა იქნება, თუ სახლში გაშვება, ამას მოსამართლე წყვეტს. ფაქტი არის ძალიან ცუდი. მოხდა იდენტიფიცირება და დაკავებულია. გარდა ამ ადამიანისა, სხვებიც იყვნენ, ვინც აზიანებდნენ ბანერს. რაც მოვისმინეთ უწყებისგან, 1 ადამიანია დაკავებული. რატომ?! იდენტიფიცირება ვერ მოხდა. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს. არ არის საჭირო მივარდნები. შტაბი ხომ არ მივარდნილა იმ ადამიანთან, ან შტაბს თავად ხომ არ დაუზიანებია ყველაფერი“,- აღნიშნა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკანონოდ არის გაკრული ბანერები.
„აბესაძეს თუ დაუჯერებთ, კარგს არაფერს მოგიტანთ. მისი გონებრივი შესაძლებლობა და ინტელექტი არ გამოგადგებათ. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. დაუჯერეთ აბესაძეს და იქნებით იქ, სადაც დღეს ხართ. რა თქმა უნდა, ნებართვა მუნიციპალიტეტიდან არ სჭირდება, ამას სჭირდება მფლობელის ნებართვა და გვაქვს, ვინაიდან ნაქირავები გვაქვს ფართი. პირობა რომ ბანერი გაიკრას, პრობლემას არ წარმოადგენს“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია გრძელდება და მასში „არეულობას ვერ შეიტანენ“.
„ვერც ხელს შეგვიშლიან და ვერც არეულობას შემოიტანენ. ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. გამოძიების თანახმად, დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.