კახა კალაძე მიმართავს იმ პირებს, რომლებიც დიდგაბარიტიან სატვირთო ავტომანქანებს მართავენ, შეზღუდვის საათებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და დაწესებულ რეგულაციებს მოერგონ

დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის – ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებითვე, სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა დილის 8:00 საათიდან, 11:00 საათამდე და საღამოს – 17:00-დან, 20:00 საათამდე.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც თბილისში პირველი იანვრიდან ამოქმედდა და ეხება სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში, გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვას.
ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას, მათ შორის იმ არეალების შესახებ, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს და დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის – ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა დილის 8:00 საათიდან, 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე.
აკრძალულ ზონაში შეზღუდვის საათებში გადაადგილება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. მინდა მივმართო იმ პირებს, რომლებიც მართავენ და ექსპლუატაციას უწევენ ასეთ სატრანსპორტო საშუალებებს, თავი შეიკავონ ასეთ დროს გადაადგილებისგან და მოერგონ იმ რეგულაციას, რომელიც დადგენილია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე თბილისის საკრებულოს მიერ“,- განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, მან საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლებმა მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ.
„პირველი იანვრიდან ასევე ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვით დასაშვებია სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება საავტობუსო ზოლში.
აღნიშნული ცვლილებები განათლების სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ და გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული წესის შესაბამისად, კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ, შეათანხმოს სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალი და ამის შედეგად შეუძლია უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება.
სკოლამ უნდა მიმართოს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ