კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის

მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებულ კომპანიად „ჯითი გრუპი“ გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული კომპანია 111 ვაგონს საქართველოს 5 წლის განმავლობაში მოაწვდის.
„გვინდა მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ თბილისის მერიის ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიაა -„ჯითი გრუპი“. გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება დღეს იგეგმება. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ჯითი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან – კომპანია „სი არ არ სის ჩინეთი“, თანამშრომლობით, შემდგომი 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს მოგვაწვდის 111 ვაგონს. 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი შემადგენლობები იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. „ახმეტელის თეატრი“ -„ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება. ამით გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი. რაც მთავარია, მეტროს ვაგონების შესყიდვის პროცესი გაგრძელდება შემდგომში, რათა სრულად განახლდეს დღეს არსებული შემადგენლობები. ეს ვფიქრობ, იმისთვის, რომ მეტრო გამართულად მუშაობდეს, ერთობ მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და დიდი კომპანიაა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქებში აქვს მიწოდებული მეტროს ვაგონები. მათ შორის, ისეთი ქალაქები, როგორიცაა ჩიკაგო, ბოსტონი, მეხიკო, მელბურნი, სინგაპური, სან პაულო. ასევე, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის პორტუგალია, სერბეთი, უნგრეთი. უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, ისინი საქართველოშიც უკვე მოგვაწვდიან ახალ ვაგონებს, რითაც ჩავანაცვლებთ ძველ ამორტიზებულ ვაგონებს. რა თქმა უნდა, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს, ყველანაირად განახლებული, რომ უსაფრთხოდ, სწრაფად შევძლოთ დღის განმავლობაში მგზავრების მომსახურება“,- განაცხადა კალაძემ.