გუშინ აღნიშნულ თემას [მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მუშაობის განახლებას] სპეკულაციები მოჰყვა. ზოგი ქილიკობდა, იუმორიც კი არ აქვთ, გაუგებარი გზავნილები ჟღერდებოდა. მიზანმიმართულად, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ განაახლა მუშაობა, სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მისივე თქმით, რთული სამუშაოები განხორციელდა, რისი ჩატარებაც მეტროს ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი იყო.
„იცით, რომ 26 აგვისტოს მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მუშაობა განაახლა, მგზავრებს ემსახურება. რა თქმა უნდა, სამუშაოები არ დასრულებულა. ჩვენ აღნიშნულზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, ადგილზეც ვიყავით მისულები. ავუხსენით საზოგადოებას რის გამო იყო დაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში. რთული სამუშაოები მიმდინარეობდა, რისი ჩატარებაც მეტროს ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი იყო. სამუშაოები ჩატარდა ჭერზე, რომელიც ავარიული იყო, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. შესაბამისი ხსნარით დამუშავდა, შესაბამისი ბეტონით. ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რომელიც გადაუდებელი იყო შემდეგი სამუშოებისთვის.
ამის გამო მოგვიწია დროებით სადგურის დახურვა. გუშინ აღნიშნულ თემას მოჰყვა სპეკულაციები. არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, ზოგი ქილიკობდა, იუმორიც არ აქვთ, გაუგებარი გზავნილები ჟღერდებოდა. მიზანმიმართულად, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო. სხვა არაფერი დარჩენიათ, საზოგადოებისთვის არაფერი აქვთ სათქმელი. იკვებებიან ამ ტიპის განცხადებებით.
წლის ბოლოსთვის პროექტი უნდა იყოს დამთავრებული. მეტროსადგური უნდა იყოს განახლებული. ყველანაირად მოწესრიგებული. ამ სამუშაოებს მთელი რიგი პრობლემები ახლდა, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია. ასე გავაგრძელებთ, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმ პროექტზე, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება“,-აღნიშნა კალაძემ.
