20 ივნისის ღამეს თუ გავაანალიზებთ, ბევრი კითხვა ჩნდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას დაბნეული იყო და ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები ჰქონდა.
„20 ივნისის ღამეს თუ გავაანალიზებთ, ბევრი კითხვა ჩნდება, იგივე სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებაზე. ჩვენ ბევრი აქცია გვინახავს ამის შემდეგ და ბევრი მოქმედებები ვნახეთ სპეციალური დანიშნულების რაზმის. რადიკალურად განსხვავებული, განსხვავებული ხელწერა და შესაბამისად, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის ქმედებები, როგორ მუშაობდა და როგორ იყო განლაგებული სპეცდანიშნულების რაზმი. რაც ზედაპირზეა და რაც ჩანს, ვფიქრობ, ნათელია ყველაფერი.
რაც შეეხება კომისიის სხდომას და გახარიას მოსმენას, აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას, ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები იყო. თუ გავიხსენებთ მის ინტერვიუებს, რადიკალურად ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა ამ ყველაფერმა“,- განაცხადა კალაძემ.
