კარგი რა, ლევან ხაბეიშვილმა ვინ უნდა დაამხოს?! სასაცილოა, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ერთადერთი გამოსავალი შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დამხობა იყოს“.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ ოპოზიციურ სპექტრს ერთობისკენ მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკავებენ ოპოზიციონერ ლიდერებს.
„ისინი აპირებენ სპექტაკლის, არჩევნების ჩატარებას. პარალელურად, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები ციხეში ტყვეობაში უნდა იყვნენ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, როცა საქართველოს ასიათასობით მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს. ბიძინა ივანიშვილის დამხობის გარეშე მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შსს-თი ვერ მოვერევით“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
