კახა კალაძე – ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, რომელიც ღირსეულ ადგილს იმსახურებს დიდ ევროპულ ოჯახში

დედაქალაქის მერი, საზოგადოებას ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარადგენს, განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია და „ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე ასე მტკიცედ არასდროს მდგარა“.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, რომელიც ღირსეულ ადგილს იმსახურებს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველომ ისტორიული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა, დღეს, კი გვაქვს შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის, ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია.
ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რაც მმართველმა, პოლიტიკურმა გუნდმა გასწია, პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია, ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მტკიცედ ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც ჩართული იყო რეფორმების განხორციელების მნიშვნელოვან პროცესში, მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც რა თქმა უნდა, გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას და მადლობა, ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააყენოს საქართველო ევროპული მომავლის რელსებზე.
რაც გინდა სწორი მენეჯმენტით მართო ქალაქი, განვითარება და წინსვლა არის იქ, სადაც მშვიდობაა. მშვიდობა ის მთავარი ფუნდამენტია, რასაც ყველა სხვა სიკეთე ეფუძნება. მახსოვს, ზუსტად, ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დარბაზში, რამდენი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ მხოლოდ იმის გამო, რომ საახალწლო სურვილად და სლოგანად ვაქციეთ მშვიდობა. თბილისი არამხოლოდ წელს, ყოველთვის იქნება მშვიდობის ქალაქი, თბილისი თავისი კულტურით, ტრადიციებით, მრავალფეროვნებით, ისტორიულად ევროპული ქალაქია. ახლა კი დროა, ევროპული დედაქალაქების რუკაზეც აისახოს“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს