კახა კალაძე – ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ სამუშაოები, აღმშენებლობა ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ – ესენი არიან ხელმოცარული ე.წ პოლიტიკოსები, გუშინ მთელი დღე ვაკვირდებოდი და მაგრად ვხალისობდი ამათ ისტერიკაზე

დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები, აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს? ესენი არიან ხელმოცარული ე.წ პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, გულწრფელად გეუბნებით და მაგრად ვხალისობდი ამათ ისტერიკაზე – ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობაზე, სად იმყოფებიან. ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ, თბილისის მთავრობის სხდომაზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ის არ აპირებს, რომ „ხელმოცარული აგენტების ისტერიკულ კამპანიას“ ყურადღება დაუთმოს.
„უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩვენ ის გუნდი, ის მთავრობა და ის ადამიანები ვართ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. როდესაც 2017 წელს, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მენდო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომელსაც „ქართული ოცნება ჰქვია, რა თქმა უნდა, ხალხს მოლოდინი ჰქონდა და აქვს იმის, რომ ჩვენ პროექტებს და რეფორმებს განვახორციელებთ, მაგრამ არა ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ – მივიდოდნენ რაღაც ფასადურად, ზედაპირულად გააკეთებდნენ, გახსნიდნენ და ქულებს იწერდნენ, არამედ ფუნდამენტურად საფუძვლიანად, რომ ათეულ წლებს გაუძლოს პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ. ცხადია, ამ სამუშაოების დროს არის დისკომფორტი, არის პრობლემები, გამოწვევები, გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სხვანაირად ხომ შეუძლებელია, მეგობრებო, ამ სამუშაოების წარმოება. თუ არ გადათხარე ხომ ვერ შეცვლი იმ ჟანგიან და გაუბედურებულ მილებს, საიდანაც წერეთლის მოსახლეობა იღებდა წყალს. რატომ არავინ საუბრობს ამაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო კომუნიკაცია და რა პირობებში უწევდა მოსახლეობას ცხოვრება? ყველაზე კარგად იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს და პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ამხელა მასშტაბური სამუშაოები ვაწარმოოთ და ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა ავიღოთ, პარკები, სკვერები, გამწვანება, რაც კეთდება ამ ქალაქში. ვინ გააკეთა? ვის გაუკეთებია? სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერები ხომ იყვნენ? გაეკეთებინათ. დღეს ხომ ჩვენ უფრო ნაკლები გვექნებოდა ამ მიმართულებით გასაკეთებელი? დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები, აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს? ეს არის ხელმოცარული ე.წ პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, გულწრფელად გეუბნებით, და მაგრად ვხალისობდი ამათ ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობაზე, სად იმყოფებიან. სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ. ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება კიდევ ერთხელ გაგცემთ შესაბამის პასუხს. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც სამშობლო არ გააჩნია. უსამშობლო ადამიანები ბრძანდებით, რომლებსაც ინტერესი არ აქვთ ამ ქვეყნის განვითარების, ინტერესი არ აქვთ, რომ მშვიდობა იყოს ამ ქვეყანაში შენარჩუნებული და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს. ამის თქმის საშუალებას თქვენი ის ბინძური განცხადებები მაძლევს, რასაც კადრულობდით უკრაინის ომის შემდეგ.
გუშინ რომ ვუყურებდით ვინ აქტიურობდა ყველაზე მეტად და ვის ჰქონდა ისტერიკა, ეს იყო კოლექტიური „სანაცეთი“ და ხანდაზმული თაღლითების წარმომადგენლები. ესენი ვინ არიან მგონი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც საშუალებას არ მოგცემთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. ნამდვილად არ ვაპირებ ხელმოცარული აგენტების ისტერიკულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ვიცით რასაც ვაკეთებთ.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველა პოლიტიკოსი, ყველა პოლიტიკური პარტია თუ რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს. იგივე ხანდაზმული თაღლითების პარტიის ლიდერები, რით იყვნენ დაკავებულები. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს, “ლელო”, პირობითად ვიძახი, ახალი პარტია და ახალი სახეებია. ვინ არის ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე, თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? თუ სამადაშვილი? ეს მეგობრებო, რეალურად, ერთი გუნდია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა ქვეყნის ინტერესს და არა ამ ქვეყნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – დღევანდელი საქართველო არ არის 2013 წლის უკრაინა, ეს არის სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებით, მტკიცე ძალოვანი სტრუქტურებით და აქ შეუძლებელია იმ სცენარის გათამაშება, რითაც დაღუპეს უკრაინა