კახა კალაძე ინფორმაციაზე, რომ გაეროში პრემიერი „თავდაუსხმელობის აქტზე“ შეთანხმების მზაობას დააფიქსირებს – ვინ გითხრათ? „კეზერამ“ გითხრათ? მავნებლები ხართ, ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას

მნიშვნელოვანია არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა იმ მავნებლების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებიან, -ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაეროს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ტექსტში საქართველოს მხრიდან „თავდაუსხმელობის აქტის“ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება.
როგორც კალაძემ განმარტა, ყველაფერს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.
„წყარო ვინ არის? ვინ გითხრათ? „კეზერამ“ გითხრათ, არ გამამჟღავნოთ რომ მე გითხარითო?! მავნებლები ხართ, ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას. შემთხვევით არ უსაუბრია ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათი მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები. ამ ყველაფერს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ