კახა კალაძე – იმის გამო, რომ სააკაშვილს რაღაც ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს, წარმოგიდგენიათ? დღეს ეს ადამიანები ჩვენ გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე – უსამშობლო რადიკალები არიან

თბილისის მერმა მ დეზინფორმაცია უწოდა ინფორმაციას, თითქოს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე საჯარო მოხელეებს მისვლა დააძალეს.
როგორც კალაძემ მედიასთან აღნიშნა, ადამიანები პოლიტიკური შეხედულებით არ დაუყვია.
„ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და თქვენი სპეკულაციები, რასაც აკეთებთ ხოლმე. რა მოყვანები, გამოვედი და საჯაროდ მოვუწოდე ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდითო. ჩვენ არ დაგვიყვია ადამიანები პოლიტიკური შეხედულებით. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ავანთოთ ნაძვის ხე – მეთქი. რატომ ყოფთ ამ ადამიანებს? პედაგოგსაც შეუძლია მოსვლა, საჯარო მოხელესაც, თუნდაც იმ განაწყენებულ ადამიანს. ნაძვის ხის ანთება ხომ სახალხო ზეიმი და დღესასწაულია. ბავშვებიც იყვნენ. ბევრმა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რაც ხდებოდა: შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა, მოსვლისგან თავი შეიკავა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რომ ხალხი არ დაგვეპირისპირებინა ერთმანეთისთვის. იგეგმებოდა კონკრეტული პროვოკაციები. ინფორმაცია შემოვიდა და მაშინვე მყისიერი გადაწყვეტილება მივიღეთ. მომდევნო დღეების განმავლობაში გავანათებთ ნაძვის ხესაც, ქალაქსაც და საზეიმო განწყობას შევქმნით“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ამ საკითხზე შესაძლო ქილიკს, კალაძე აღნიშნავს, რომ ვინც ამას აკეთებს, “უსამშობლო რადიკალია”.
„ზოგადად, ვინც რაღაცას აპროტესტებს ქვეყანაში, ეს უნდა დავყოთ ორ ნაწილად, ერთია ის ადამიანები, რომელიც არის რადიკალების დაჯგუფება. კარგად ვიცით, ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენენ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, და მათი მდიდარი NGO ორგანიზაციები. ის რადიკალური დაჯგუფებები, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება, ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომელიც გარედაც ფინანსდება. მე ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობ, ისინი ვიცით, რას წარმოადგენენ. მაშინ,როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაგალითად, 26 მაისის ღონისძიება რომ ჩაეტარებინათ, როგორ იმოქმედეს, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ხალხი დახოცეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დახოცეს. გარდაცვლილი ადამიანები შემოალაგეს ჯიხურების თავზე და ხალხს უმტკიცებდნენ, თითქოს ფატალური შემთხვევა იყო და დენმა დაარტყა ამ ადამიანებს. იმის გამო, რომ სააკაშვილს იქ რაღაც ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს. წარმოგიდგენიათ? დღეს ეს ადამიანები ჩვენ გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ დაჯგუფებებს, ამ რადიკალებს არც ევროპასთან, არც ადამიანის და არც ქვეყნის სიყვარულთან, უსამშობლო რადიკალები არიან“, – განაცხადა კალაძემ.