კახა კალაძე – თუ ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული?

თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს.
ამასთან, კალაძე საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი სისულელეა“.
„სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში. იცით რა არის მთავარი? – მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მკვლელებს, მწამებლებს და აგენტურას უთხრა არა. თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? – თუ ეს პრობლემა იყო მთელი დღის განმავლობაში, რამდენი უცხოელი დამკვირვებელი იყო, ზოგადად, 25 ათას დამკვირვებელზეა საუბარი, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განცხადებები, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეფასებები? რატომ დადო ეუთო/ოდირმა კარგი შუალედური დასკვნა? თქვენ იზეიმეთ ნაადრევად. ჯერ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გატყუებდნენ, რომ საოცარი პროცენტები ჰქონდათ. თუ დააკვირდებით თქვენი კვლევების სტატისტიკას 2012 წლიდან, ის აცდენილია რეალობას, ეგზიტპოლები აცდენილია რეალობას. გატყუებდნენ და დღესაც იმავეს აგრძელებენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ. თქვენც მიყვებით ამ ყველაფერს და იჯერებთ. მერწმუნეთ, სხვა რეალობა გვაქვს და მოგიწევთ ამ რეალობაზე შეგუება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არასერიოზულია კითხვები საარჩევნო უბნებზე კამერებთან დაკავშირებითაც.
„კამერები არ ვიცი, მაგრამ ყველაზე საშიში იყო ბეჭდებიანი მილიონერი ქალბატონი. ეს ქალბატონი ძალიან საშიში იყო, ბეჭდებით ასხივებდა და თვალებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევდა ამომრჩეველს, რომელიც შემოდიოდა არჩევანის გასაკეთებლად. არასერიოზულია ეს ყველაფერი!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.